კორონავირუსი

ზურაბიშვილი კორონავირუსს ინსტაგრამზე ეხმაურება: გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში

instagram.com/salome_zourabichvili/

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ კორონავირუსს, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ინსტაგრამზე გამოეუხმაურა.

მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადით იმყოფება.

"მოდით, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ დაცულობა ნიშნავს შეინარჩუნო სიმშვიდე და გქონდეს პასუხისმგებლობა", - წერს ზურაბიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში ორ ადამიანს აქვს - ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები