საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: მზად ვართ, დავთანხმდეთ, რომ 40%-ზე დაბალი რეიტინგით მთავრობა ვერ დაკომპლექტდება

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, რომ ოპოზიციას "მოუხსნას ის წუხილები", რაც ეხება იმისა, რომ პოლიტიკურს გუნდს, რომელიც არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, არ შეეძლოს უმრავლესობის ფორმირება. 

"[მზად ვართ] ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. ანუ, რასაც ისინი ამბობენ, თუ არ ექნება გამარჯვებულ გუნდს, მინიმუმ, 40%-ზე მაღალი შედეგი არჩევნებში, მაშინ შესაბამისი მექანიზმის მიხედვით (რაზეც შევთანხმდებით), მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ანუ მას არ ექნება 75 მანდატზე მეტი. ეს არის მთავარი პრინციპი. ეს არის მთავარი საკითხი და ამ საკითხებზე იყო საუბარი, ზოგადად,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ის პროპორცია, რასაც ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, ვერ გადაჭრის 40%-თან დაკავშირებულ პრობლემას. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იმავე პრინციპს 100/50-ზე გადანაწილებაც აკმაყოფილებს, რაც მისივე შეფასებით, უბრალოდ, სისულელეა. 

"ეს რაში გამოიხატება ახლა. ბატონი თალაკვაძე ამბობს, რომეს 100/50-ზე მაჟორიტარების განაწილების შემთხვევაშიც ასე იქნება. ეგ უბრალოდ სისულელეა. უნდა მოიფიქრონ, რას გულისხმობენ. ჩვენ ვიცით, რასაც ვგულისხმობთ,"- ამბობს გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბარში. 

რას გულისხმობს 40%-ის პრინციპი? 

ოპოზიცია ამ პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს - იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება, პლუს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება. 

ანუ, არ უნდა იყოს მანდატების ისეთი გადანაწილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ესაუბრნენ. ამ დრომდე ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი ოპოზიციას 100/50-ზე პრინციპს სთავაზობენ, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობდა, 50-ის კი - მაჟორიტარულით. ამ შეთავაზებას ოპოზიცია არ დათანხმდა. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებამდე ოპოზიცია გეგმავდა ხელისუფლებისთვის 130/20-ზე განაწილების პრინციპი შეეთავაზებინა, რაც მედიით გააჟღერეს კიდეც, თუმცა ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებამ საქმეზე, რომელზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია. 

კომენტარები