კორონავირუსი

მთავრობა მაღალი რისკის ქვეყნებთან დროებითი სავიზო რეჟიმის შესაძლებლობას განიხილავს

ჯანდაცვის სამინისტრო

შესაძლოა, მთავრობამ კონორონავირუსის გავრცელების ქვეყნებთან დროებითი სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 26 თებერვლის დადგენილებაში წერია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველყოს: 

ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირება მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემოღებული დამატარებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება.

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევის შესახებ;

დ) მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები