რუსული კიბერთავდასხმა

ბოკერია: სიმბოლურია, რომ გახარიას კიბერთავდასხმაზე საუბრისას, რუსეთი არ უხსენებია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, სიმბოლურია, რომ გიორგი გახარიას რუსეთის კიბერშეტევაზე საუბრისას რუსეთი არ უხსენებია. ბოკერია პრემიერის მიერ დღეს, რუსულ კიბერშეტევასთან  დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

გახარიამ საკუთარ კომენტარში თქვა, რომ გამოძიება ჩატარდა პარტნიორებთან ერთად და ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იმყოფებოდა ბათუმში, ვიდრე კიბერთავდასხმაზე სპეკულაციებია. 

გახარიამ ეს კომენტარი ბათუმში გააკეთა, სადაც დაჭრილი და დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ბინები გადასცა. 

"რაც შეეხება გახარიას, ივანიშვილის ამ კიდევ ერთ კლოუნს, აღსანიშნავი ამბავია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ლაპარაკობს პირდაპირ პუტინის რუსეთზე და შენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ამას რატომღაც ტოვებს თავის მაღალი დონის განცხადებაში, სიმბოლურია, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ," - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ და სხვა საფრთხეებთან დაკავშირებით გააზრებული პოზიცია არ აქვს, ან მიზანმიმართულად ასუსტებს ინსტიტუტებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ან არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს და სხვა საკითხები აქტიურად იდგეს, ან ქვეყანას ზიანს აყენებენ ქვეყანას.

"მიუნხენის კონფერენცია იყო რამდენიმე დღის წინ და პირველი კონფერენცია იყო, სადაც საქართველოს წარმომადგენელს არცერთ ფორმატში, ვგულისხმობ, რომ იყო მრგვალი მაგიდები, უკრაინის პრეზიდენტთან საუბარი, არანაირი აქტივობა არ გამოუჩენია და უკრაინის საკითხზე დისკუსიისას არც კი მივიდა არავინ საქართველოს წარმომადგენელი, რომ მთავარი გამომსვლელის შემდეგ ეთხოვა კითხვა-გამოსვლა, რომ დაფიქსირდეს, რომ იქ ხარ. წლებია ეს ეროზია გრძელდება, მაგრამ ეს მაგალითია იმისა, თუ სად ვართ," - ამბობ ბოკერია. 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გაითიშა ასობით ვებ გვერდი, საიტებზე წაშლილი იყო შინაარსი, ჩნდებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "მე დავბრუნდები".

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა.

გამოძიება საქართველომ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს.

საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნიდერლანდების  სამეფომ, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, დანიამ, უკრაინამ, ასევე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები