რუსული კიბერთავდასხმა

მდინარაძე კიბერშეტევაზე: ნაცები გვიტევენ შიგნით, რუსები გვიტევენ გარედან

ტაბულა

"ნაცები გვიტევენ შიგნით, რუსები გვიტევენ გარედან და ეს ფორმულა ლაგდება" - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართულ სერვერებზე რუსეთის კიბერშეტევას.

"ფაქტი ერთ მხარეს არის - ოპოზიციის დიდი ნაწილის პროდასავლური რიტორიკა რჩება გვერდზე, როდესაც რეალურად ვხედავთ, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ ხოლმე. ამ დროს ემთხვევა რუსეთის მხრიდან გარედან შემოტევებიც" - ამბობს მდინარაძე იმედთან საუბარში.

რაც შეეხება საარჩევნო წელს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, "ბუნებრივია, რუსეთი ჩვენთან კი არა, გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყნებში ცდილობს რაღაც კუთხით ჩარევას". მანვე აღნიშნა, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან იმიტომ ვპარტნიორობთ და იმიტომ ვთანამშრომლობთ, ასეთი საქმეები და შედეგები იმიტომ დაიდო, რომ პრევენცია მოვახდინოთ მაქსიმალური".

საქართველოზე კიბერთავდასხმა 2019 წლის 28 ოქტომბერს მოხდა. გაითიშა ათასობით ვებგვერდი. 2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა რუსეთმა განახორციელა. შესაბამისი გამოძიება საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს. რუსეთის ქმედებები არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ დაგმო.

ყველაფერი, რაც რუსულ კიბერთავდასხმასა და მის გამოძიებაზე ვიცით, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები