ახლო აღმოსავლეთი

ბაშარ ასადი: ალეპოსთვის და იდლიბისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთით ცარიელი ხმების მიუხედავად, სირია ალეპოსთვის და იდლიბისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. "ცარიელ ხმებში" ასადმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებები იგულისხმა. 

"იდლიბისთვის და ალეპოსთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ ნიშნავს ომის დასასრულს, ტერორიზმის გაქრობას, ან, მტრების კაპიტულაციას. ეს ბანდფორმირების სრული განადგურების საწყისი ეტაპი იქნება", — განაცხადა, ბაშარ ასადმა. 

ასადის თქმით, ის ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სირიიის სრულ ტერიტორიაზე სამთავრობო კონტროლი არ აღდგება. რუსეთის არმიის მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში ბაშარ ასადის არმიამ, იდლიბისა და ალეპოს მიმართულებით მასობრივი შეტევები წამოიწყო. 

სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე, კონტროლი ასადის არმიამ 2016 წელს დაამყარა, თუმცა გარეუბნებიდან შეიარაღებული თადასხმები ამ დრომდე ხორციელდებოდა. რაც შეეხება იდლიბს, აქ ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება ძალიან დაიძაბა. 

იდლიბის პროვინცია, სირიის ბოლო აქტიური აჯანყებული ანკლავია. თურქეთის მოსაზღვრე პროვინციაში, ძირითადად თავმოყრილი არიან დევნილები და ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ომში სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდნენ. არსებული ინფორმაციით, იდლიბი 3,5 მილიონი დევნილის თავშესაფარია. 

აჯანყებულებს სამოქალაქო ომის წლებში მხარს თურქეთი უჭერდა, ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნლობა აქვს. სწორედ, აქ უნდა ააშენოს თურქეთმა მილიონზე მეტი დევნილისთვის დროებითი თავშესაფარი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. 

ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს. პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. 

ამის საპირისპიროდ, გასული წლების განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება არცერთი დღით არ შეწყვეტილა. რუსეთში და სირიაში ამბობენ, რომ იდლიბში ისლამისტი ბოევიკები და ტერორისტები მოქმედებენ, ხოლო თურქეთი ორივე სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. 

თებერვლის დასაწყისში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის არმიას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ცნობილი გახდა, რომ ასადის არმიის შეტევების დროს, 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა თურქეთმაც და თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი მოქმედებების დროს ასზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა დაიმუქრა, რომ თუ კი პროვინციაში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიჭრებოდა თურქეთი სირიის რეჟიმზე დარტყმების ყველა შესაძლო წერტილში მიიტანდა.

კომენტარები