ნიკა მელია

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე სარჩელს განიხილავს

reginfo.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც 8 მოსამართლეს აერთიანებს, ნიკა მელიას საქმის განხილვას იწყებს.

საქმე მისთვის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. სასამართლომ ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ასევე, დამატებით სასჯელად, 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ნიკა მელიას ინტერესების დამცველები - საიას იურისტები და ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობენ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება, ის შესაძლოა შეიცვალოს და ნიკა მელია გამართლდეს, თუმცა, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომლის საფუძველზეც მას დეპუტატის უფლებამოსილება აღუდგება.

"ამის მიღმა არის უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც, ძალიან დიდი იმედი მაქვს, გაზიარებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, დაკმაყოფილდება ჩვენი სარჩელი და ნიკა მელიას აღუდგება დეპუტატის უფლებამოსილება", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

უფრო კონკრეტულად, სარჩელში ნათქვამია, რომ პარლამენტმა მელიას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი მიუთითა, რომლის მიხედვითაც, "პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ".

იურისტებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები "კანონიერ ძალაში შესული განაჩენი" უნდა განიმარტოს როგორც საქმეზე საბოლოო ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი. კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი სხვაგვარად განმარტა საქართველოს პარლამენტმა და ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ისე რომ საქმეზე არ არსებობდა არც სააპელაციო, არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

თავად ნიკა მელიას თქმით, მას პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ აქვს, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი აინტერესებს.

"პარლამენტში დაბრუნების არანაირი სურვილი არ მაქვს, არ მინდა, კვლავ ვიყო იმ ადამიანების კოლეგა, რომლებისთვისაც პროზაულია, მიიღონ უკანონო გადაწყვეტილებები, მაგრამ მაინტერესებს, რა დოზით არის შემოსული საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გავლენა", - ამბობს მელია.

სარჩელის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

კომენტარები