აშშ - საქართველო

კრამერი: ივანიშვილის ქმედებები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ანადგურებს

ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს სანდოობაზე და იმ დაპირებაზე, რომელიც ვაშინგტონში დადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს და აღარ ანაღვლებს რა რეაქცია ექნება შეერთებულ შტატებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ჩამოვიდნენ ვაშინგტონში და ქართულმა ოცნებამ აქ არც დელეგაცია უნდა გამოაგზავნოს.  ალბათ, ქართულ ოცნებას ესმის, რომ საქართველოს უფრო მეტად სჭირდება შეერთებული შტატები, რომელიც მისი დიდი ხნის მხარდამჭერია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძლიერი იყოს, მაგრამ ივანიშვილის ქმედებები, ოპოზიციის ლიდერთა დაკავება, საპროტესტო აქციების დარბევა, მოსამართლეების დანიშვნა რომელიც ბევრ კითხვას აჩენს, ნამდვილად ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას. 

ვხედავ სულ უფრო მეტ წერილს და პოსტს ტვიტერში, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენები. ეს შეშფოთება მზარდია და ის სიგნალი უნდა იყოს თბილისში, რომ ნამდვილად საგანგაშოა ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძული იყო. ვაშინგტონში არსებობს მზარდი შეშფოთება, რომ საქართველო უფრო მეტად მიდის ავტორიტარიზმისკენ და შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერთა დაკავებამ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე.

11 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაზე და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები