ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დიალოგის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მმართველმა გუნდმა გიგი უგულავას დაპატიმრებით პოლიტიკური ძალადობა გააგრძელა. ბოკერია ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი "უნიჭო კლოუნადით" შექმნილი სიტუაციიდან "გამოძრომას" ცდილობს. 12 თებერვლის ბრიფინგზე მდინარაძემ ოპოზიციის წევრები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია და თქვა, რომ "დიალოგს ალტერნატივა არ აქვს".
"მოლაპარაკებებიდან და ნორმალურობიდან გავიდა ივანიშვილის მასხარების გუნდი ივანიშვილის დავალებით. ამ ყველა კლოუნმა, რომელიც ახლა რაღაც პიარმცდელობას აკეთებს, რომ ვითომ დიალოგი უნდათ, თვითონ თქვა - რომ არაფერზე წამსვლელები აღარ არიან. იმის მაგივრად, რომ განემუხტათ ვითარება, პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ და დაესრულებინათ პოლიტიკური ძალადობა, გააგრძელეს ეს ძალადობა. ამიტომ, მათია პასუხისმგებლობა, მათ დაეკისრათ პასუხისმგებლობა და შეხვდათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნით შიგნით და გარეთ კრიტიკის კი არა, პირდაპირ უმძიმესი შეფასებების მთელი ტალღა. ახლა აქედან გამოძრომას ცდილობენ ამ იაფფასიანი, უნიჭო კლოუნადით, რაც ახასიათებთ ხოლმე პოლიტიკურ მასხარებს" - თქვა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს ლიდერმა აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, ნორმალიზაციას რა სჭირდება.
"სჭირდება, რომ გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულონ, გონივრული კომპრომისით მაინც, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. სჭირდება, რომ პოლიტპატიმრები გაუშვან, სჭირდება, რომ დაასრულონ ძალადობა და პოლიტიკური დევნა, რომ ნორმალური ან შედარებით ნორმალური არჩევნები იყოს. მერე კი, წინასწარ შეეგუონ, რომ ხალხის პოლიტიკურ განაჩენს მიიღებენ ანუ დაკარგავენ ძალაუფლებას ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის ღრმა რწმენით.
მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ არიან და არიან ასლან აბაშიძის პოლიტიკის უგუნურ, უტიფარ ფაზაში. სანამ ასე არიან, რამდენი პიარიც არ უნდა ატარონ, მათზეა პასუხისმგებლობა და ნებისმიერ სცენარში მწარედ დამარცხდებიან" - თქვა ბოკერიამ.
ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყვიტა. 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა იმ საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს - სწორედ ეს წერია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნაში.
უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის სარჩელი განსახილველად საპროტესტო ტალღის ფონზე მიიღო, სადაც გიგი უგულავა ერთერთი წამყვანი ფიგურა იყო.
გუშინ, 12 თებერვალს, აშშ-ის საელჩომ იმედგაცრუება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს ცნობით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს".
უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".
იმაზე, რომ ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებას გეგმავდა, ისიც მოწმობს, რომ 10 თებერვალს, უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა.
ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20.





