არჩევნები 2020

ბოკერია: დავიწყეთ კონსულტაციები თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მაჟორიტარების საკითხზეც მსჯელობენ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, ოპოზიცია ყველა ოლქში საერთო კანდიდატს წარადგენს. ბოკერიას თქმით, თბილისის შემთხვევაში, ოპოზიციონერები კონსულტაციების აქტიურ ფაზაში უკვე გადავიდნენ. 

"დავიწყეთ კონსულტაციები, ცუდი სცენარის შემთხვევაში, თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტით ბრძოლას მშვიდობიანად ქვეყნის შიგნით და გარეთაც გრძელდება ძალიან მყარი წნეხი ჩვენს ხელისუფლებაზე, ივანიშვილზე, რომ კომპრომისი იყოს საარჩევნო სისტემაზე. მაგრამ ისინი იმეორებენ, რომ არაფერს არ დათმობენ, თქვეს, რომ თებერვალში მორჩება. რახან ასე ლაპარაკობენ და რაკი ვერაფერს გამოვრიცხავთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უკვე დავიწყეთ თბილისის მაჟორიტარებზე კონსულტაციების აქტიური ფაზა" - თქვა ბოკერიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში მსჯელობს, საარჩევნო სისტემაა. ევროპული საქართველოს ინიციატივით, უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას უნდა სჭირდებოდეს 40%-ზე "არსებითად მაღალი" მხარდაჭერის მიღება და მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება.

კომენტარები