გიგი უგულავას საქმე

კახიძე უგულავაზე: რა ბრძანებაც ექნება უზენაესის შესაბამის შემადგენლობას, იმას გადაწყვეტენ

უზენაესი სასამართლო ზოგადად განსახილველად თანამდებობის პირების საქმეებს არ იღებს ხოლმე, ახლა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს საქმე მიეღო განსახილველად და თან მიეღო ისე, რომ არ მოუსმინოს მხარეებს და არ გაიგოს მათი არგუმენტები, რაც ნორმალურ სიტუაციაში გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რა ბრძანება და მითითებაც ექნება უზენაესი სასამართლოს შესაბამის შემადგენლობას, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ევროპულ საქართველოში არსებობს სხვადასხვა ტიპის მოლოდინი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვართ მშვიდად და გიგიც მშვიდადაა. ივანიშვილის ამ მუქარების და დაჭერის შიშის, დამოკლეს მახვილივით დაკიდოს და მერე ამით გვაშანტაჟოს ჩვენ თუ საერთაშორისო პარტნიორები, გზავნილებით, რომ თუ არ დათანხმდებით ჩვენ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, მაშინ გიგი უგულავას, ან სხვა ლიდერს დავიჭერთ - ამის არავის ეშინია. ივანიშვილი თუ ამ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მისთვისვე იქნება უარესი.

ამბობს ტვ პირველის ეთერში ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე. პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები