გიგი უგულავას საქმე

აბესაძე უგულავას საქმეზე: ნებისმიერი მოლოდინი გვაქვს, რადგან საქმე მართლმსაჯულებას არ ეხება

ირაკლი აბესაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის, თქმით, თანაგუნდელ გიგი უგულავას საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, პარტიაში "ნებისმიერი მოლოდინი" აქვთ. 

"ვინაიდან, ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან,"- ამბობს აბესაძე. 

აბესაძის თქმით, გიგი უგულავას საქმე ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების "სრულ ისტერიკას", რომელიც "კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, მართლმსაჯულების აბუჩად აგდებით" ერთსა და იმავე საქმეზე მესამედ აპირებს, რომ უგულავა ციხეში გაუშვას. 

"მართლაც ღიმილის მომგვრელია, რომ უგულავას ედავებოდნენ ხარჯებზე, რომლებიც ახლა ქართული ოცნების პირობებში გაორმაგებულია," - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კვლავ არის გააქტიურებული პოლიტიკური ოპონენტების და ამ შემთხვევაში გიგი უგულავას "გაჩერების მცდელობით". 

"ეს ყველაფერი აზიანებს თავად ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, ასუსტებს მის პოზიციას ქართულ საზოგადოებაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დააჩქარებს მისი ხელისუფლების ჩამოშლასა და დასრულებას ამ ქვეყანაში,"- ამბობს აბესაძე. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

კომენტარები