არჩევნები 2020

ხუნდაძე: 100/50-ზე უკიდურესი კომპრომისია, იმის იქით ჩვენ მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ

ე.წ მეამბოხე მაჟორიტარი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზებული საარჩევნო სისტემა - 100/50-ზე - უკიდურესი კომპრომისია. მისი თქმით, ამის იქით "გარდაუვალი კრიზისია" და მმართველი გუნდი ოპოზიციას "სახიფათო თამაშში" აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუნდაძე სხვა მაჟორიტარებთან ერთად, საკონსტიტუციო კანონის პროექტის კიდევ ერთხელ ჩაგდებით იმუქრება.

"ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულნი არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ, მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს" - ამბობს ხუნდაძე.

ქართული ოცნების მაჟორიტარის თქმით, "დესტრუქციული ძალა ქვეყნისათვის საზიანოა". ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა "სწორი და პრინციპული პოზიციის" შენარჩუნება.

"100/50-ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ" - ამბობს ხუნდაძე, რომლის განცხადებასაც წინ უძღვოდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუ. კვირის თემაში კობახიძემ თქვა, რომ მაჟორიტარების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება, მაგალითად, 125/25-ზე, ისევ კანონპროექტის ჩავარდნას გამოიწვევს, რადგან ამას "სერიოზული, პრინციპული წინააღმდეგობა" მოჰყვება.

-------------------------

თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, დასავლელი პარტნიორების ინიციატივითა და მონაწილეობით, კრიზისის ფონზე დაიწყო, რაც, თავის მხრივ, პროპორციულ სისტემაზე დაპირებული კანონის ჩაგდებას მოჰყვა. ამ დრომდე მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ანუ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულით აირჩიონ.

მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა სურს როგორც 2020 წლის, ისე ყველა მომდევნო არჩევნებზეც. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს დაიხურება.

კომენტარები