საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: ოპოზიციასთან საარჩევნო მოდელზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს დაიხურება.

არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ 7 თებერვალს ტვ იმედის ეთერში ისაუბრა:

"ჩვენი შეთავაზება 100/50-ზე არის მოლაპარაკებების მაგიდაზე. ოპოზიციისგან უკვე მომდევნო რაუნდზე ველოდებით პასუხებს. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ამას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, იმიტომ, რომ ჩვენ დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში," - თქვა მან.

პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ დაიგეგმა, რომელიც მათ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

თალაკვაძესთან შეხვერის შემდეგ  საქართველოში მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის "მალე მიღების იმედი" იმედი გამოთქვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. 

მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ სენატორმა ჯიმ რიშმა თქვა, რომ საქართველოში ვითარების შეცვლის თაობაზე გარანტიები მიიღო. 

-------------------------

თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, დასავლელი პარტნიორების ინიციატივითა და მონაწილეობით, კრიზისის ფონზე დაიწყო, რაც, თავის მხრიც, პროპორციულ სისტემაზე დაპირებული კანონის ჩაგდებას მოჰყვა. ამ დრომდე მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ანუ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა სურს როგორც 2020 წლის, ისე ყველა მომდევნო არჩევნებზეც. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

 

კომენტარები