ოპოზიციის პროტესტი

ბოკერია: თუ მაოხრებელი გზირი ივანიშვილი გონს არ მოეგება, ჩვენ მაინც მზად დავხვდებით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს მმართველ გუნდზე ზეწოლას და საპროტესტო აქციების მოწყობას, მანამ, სანამ ხელისუფლება არ დათანხმდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატრებას.

"სანამ ივანიშვილი არ წაიღებს უკან შეურაცხყოფას, რომელიც მან ქართველ ხალხს მიაყენა - გადაგაგდეთო, ფეხებზე მკიდიხართო, სანამ არ შეწყვეტს უტიფრობას, სანამ არ შეწყვეტს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელლიც ცუდია ქვეყნისთვის და რომელიც საგარეო იზოლაციას იწვევს ხელისუფლების, რაც ცუდია ქვეყნისთვის, მანამდე გაგრძელდება მწვავე აქციები. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ კომბინაციას - ქართული საზოგადოების ლეგიტიმურ აღშფოთებას + საქართველოს მეგობრების ჩემ მეხსიერებაში უპრეცედენტო ზეწოლას", - თქვა ბოკერიამ დღევანდელ, 5 თებერვლის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან, რომელიც უმრავლესობის სხდომის პარალელურად გაიმართა.

ბოკერიასვე განცხადებით, ოპოზიცია ცუდი სცენარისთვისაც მზად არის და თუ მმართველი გუნდი, ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, ის მაინც დამარცხდება.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ყველა ოლქში ერთი საერთო კანდიდატი ეყოლება.

"უიმედობას ნერგავენ, როგორმე მივგორდებით არჩევნებამდეო, მაგ პროცესისთვისაც ვართ მზად. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ პროცესს, მაგრამ თუ ეს ქნეს, ჩვენ მაინც მზად ვართ. ოპოზიციას შორის უკვე დაიწყო კოორდინაცია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი, აქედან გამომდინარე, პირველივე ტურში დამთავრდება ყველფერი. მაგრამ ეს ნორმალური სცენარი არ არის. ნორმალური სცენარია პროპორციული არჩევნები და კონკურენცია ყველა პარტიას შორის. მაგრამ რადგან ეს პოლიტიკური ჭირი, ეს მაოხრებელი გზირი ივანიშვილი ამ გზას დაადგა, თუ გონს არ მოეგო, ჩვენ მზად დავხვდებით, დავამარცხებთ ამ პროპორციულ ჭირს და მერე იქნება პროპორციული არჩევნები", - თქვა ბოკერიამ.

დღეს, 5 თებერვალს ოპოზიციამ მმართველ გუნდს მორიგი საპროტესტო აქცია - სირცხვილის დერეფნები მოუწყო. აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. დემონსტრანტების მოთხოვნაა, შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

კომენტარები