ოპოზიციის პროტესტი

ბოკერია: მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, სანამ შედეგი არ იქნება, პროტესტი აუცილებელია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად თავად ჩაერთო. ამის შესახებ მან პარლამენტთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქცია-პიკეტზე თქვა. 

მისი თქმით, მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ჩარჩოში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. 

"აქ არის გრძელვადიანი თემებიც, სასამართლო რეფორმა, უზენაესი და არის მყისიერი თემებიც, ეს არის - პოლიტიკური მართმსაჯულება, დაპატიმრებები, პოლიტპატიმრები, ორ პატიმარზეა საუბარი - მელიაზე და რურუაზე და ეს არის ვადამდელი არჩევნების საკითხი, მათ შორის. აქამდე მთავრობა პრინციპულად უარს იძახდა, რომ ეს განხილვადიც არ არის, გუშინ მოხდა ის, რომ ამ ჩარჩოს გარშემო დაიწყო პროცესი და კარგია, რომ ეს შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს. ლაპარაკია ორ კვირაზე". – ამბობს ბოკერია. 

როგორც ბოკერია ამბობს, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლებას რეაგირება არ ექნება და რაიმე შედეგს არ ნახავენ. 

"ამ ყველაფრის მიუხედავად ჯერ შედეგი არ არის და სანამ ეს შედეგი არ არის, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. დღეს ჩვენ ვთქვით, რომ არ არის ბლოკირება, არის პიკეტირება, არ იქნება ხელის შეშლა ვინმესთვის პარლამენტში შესვლაზე, არალეგიტიმურ პარლამენტშიც კი, ამ ეტაპზე. პროტესტი არის აუცილებელი, რომ აქტიური მოქალაქეები თავიანთ ხმას აგონებდნენ პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ზის და დანარჩენ საზოგადოებასაც, რომ ამ ყველაფერთან შეგუება არ მოხდება არცერთ შემთხვევაში". – ამბობს ბოკერია. 

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია-პიკეტი იმართება. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიცია დგას.

ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია-პიკეტი მშვიდობიანია.

გუშინ, 1 მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში ნახეთ - აქ

კომენტარები