რუსეთი - ვენესუელა

ლავროვი მადუროს მხარდასაჭერად ვენესუელას ეწვევა

telesurtv

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად ვენესუელას ეწვევა

მოსკოვი ვენესუელასთვის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს არალეგალურს და საზიანოს უწოდებს.

"დღის წესრიგი მოიცავს ნაბიჯების განხილვას... რათა არალეგალურ, ცალმხრივ სანქციებზე, რაც ვენესუელაში სოციოეკონომიკურ სიტუაციას აუარესებს, საპასუხო ქმედება მოვახდინოთ," - თქვა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ვენესუელაში ლავროვი მადუროსთან ერთად ასევე შეხვდება აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს დელსი როდრიგესს, საგარეო საქმეთა მინისტრს ხოსე არეაზას შეხვდება, რათა უფრო ღრმა კოოპერაცია განიხილონ ენერგიის, სამთო მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და თავდაცვის სფეროში.

ლავროვი თავდაპირველად კუბას ეწვევა, შემდეგ კი მექსიკას და ვენესუელას. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკრაინას, ბელარუსს, ყაზახეთს და უზბეკეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს შეხვდა, რომელიც აშშ-მა და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად გასულ წელს აღიარეს.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა. გასულ წელს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კოლუმბიისაგან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მადურომ ქვეყანაში არ შეუშვა.

კომენტარები