რუსეთი - ვენესუელა

ლავროვი მადუროს: არალეგიტიმური სანქციების მიუხედავად, კავშირის გაღრმავებაზე შევთანხმდით

სერგეი ლავროვი და ნიკოლას მადურო
BBC

7 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვენესუელას ეწვია, სადაც ვენესუელის რეჟიმის ლიდერს, ნიკოლას მადუროს შეხვდა.

"არალეგიტიმური სანქციების მიუხედავად, რამდენიმე სფეროში ჩვენ შეთანხმდით ჩვენი ეკონომიკური, კომერციული და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავებაში," - განაცხადა ლავროვმა მადუროსთან შეხვედრის შემდეგ.

ლავროვის თქმით, ეს სავარაუდოდ იქნება ენერგიის, ბუნებრივი რესურსებისა და ინდუსტრიის სექტორები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მადუროს მთავრობის ძალით გადაყენების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იყო:

"ჩვენ მტკიცედ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ვენესუელის სუვერენიტეტისადმი, ჩვენი სოლიდარობა ვენესუელის ხელისუფლებისადმი და ერისადმი არალეგალური ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები  ახორციელებენ". 

ლავროვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაღრმავების ყველა პრაქტიკულ დეტალზე მაისში, მადუროს მოსკოვში ვიზიტის დროს შეთანხმდებიან.

ლავროვი კუბასა და მექსიკაშიც ჩავიდა. ლავროვის ვიტიტებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკრაინას, ბელარუსს, ყაზახეთს და უზბეკეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

7 თებერვალს ვენესუელაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, მათ წინააღმდეგ შესაძლოა დამატებითი სანქციები დაწესდეს.

5 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს. თეთრი სახლის განცხადებაში აშშ-მა ვენესუელის არალეგიტიმურ დიქტატურასთან დაპირისპირებისთვის რეგიონში პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა - "ჩვენ ვენესუელელ ხალხთან ერთად ვიდგებით, რათა დემოკრატიული და წარმატებული მომავალი უზრუნველყოთ".

4 თებერვალს ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. ტრამპმა მას მიმართა და სთხოვა თანამოქალაქეებისათვის ეს გზავნილი გადაეცა:

"ამერიკელები ერთსულოვნად დგანან ვენესუელელი ხალხის გვერდით თავისუფლებისათვის ბრძოლაში! სოციალიზმი ქვეყნებს ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება სულს აერთიანებს."

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა. გასულ წელს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კოლუმბიისაგან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მადურომ ქვეყანაში არ შეუშვა.

კომენტარები