ხანძარი ბაღდათში

ვოლსკი: ბაღდათში დაღუპულ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად ჯამში 1330 ლარს ურიცხავდა

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი "სპეკულაციურს" უწოდებს "ზოგიერთი ოპონენტის და პოლიტიკური ჯგუფის" განცხადებებს ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ. მისი თქმით, ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით ნამდვილად შეუჩერდა საარსებო შემწეობა, თუმცა, მისი აღდგენის შემდეგ განაცდური მიიღეს.

"ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ თამარ მეფის N13, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც.

ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა მოხსენებითის საფუძველზე, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული.

ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგა საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში 2040 ლარი. მას შემდეგ, 2020 წლის იანვარში მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა - 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა" - წერს ვოლსკი Facebook-ზე და აღნიშნავს, რომ მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, გარდაცვლილი ბავშვების ბიძა, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

"ამ ერთი კვირის წინ, ოჯახმა მიმართა რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობა ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამ მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე" - ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი.

გუშინ, 3 თებერვალს, ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. თავდაპირველად მეხანძრე-მაშველებმა დედისა და 4 მცირეწლოვანი შვილის, მოგვიანებით კი მათი მეზობლის, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. 

სოციალურად დაუცველ ოჯახს (ცოლ-ქმარი, ოთხი შვილი, გარდაცვლილი ქალის დედა და ძმა) საარსებო შემწეობა სამი თვის მანძილზე ჰქონდა შეჩერებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს დახმარება გადამოწმების მიზნით ოქტომბერში შეუჩერეს.   

"მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში აღმოიფხვრა ხარვეზი და მათ მიიღეს სამივე თვის განაცდური ერთიანად" - ამბობს წოწკოლაური და აღნიშნავს, რომ ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა.

"აქედან საარსებო შემწეობა იყო 680 ლარი. ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს - თითოეული 140 ლარის ოდენობით. ოჯახის ერთ წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა" - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

კომენტარები