ხანძარი ბაღდათში

იმერეთის გუბერნატორი: ბაღდათში ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდა, მოხსნილი არა

საგანგებო სიტუაციების სამსახური

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომლის 5 წევრი გუშინ ხანძრის დროს გარდაიცვალა, სოციალური დახმარება გადამოწმების გამო შეჩერებული ჰქონდა. 

"საკუთარ სახლში მათ მიიღეს და იღებდნენ სოციალურ დახმარებას. შემოსავალი, რაც მათ ჰქონდათ, იყო მხოლოდ სოციალური პაკეტი. დახმარება მოხსნილი არ ჰქონდათ. უბრალოდ, 4 წლის შემდეგ პერიოდულად ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს. სწორედ ამის გამო იყო შეჩერებული სოციალური დახმარება და არა მოხსნილი",- თქვა შალამბერიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

ბაღდათის გუბერნატორის ცნობით, სოციალური დახმარება ოჯახს დეკემბერში აღუდგა და თანხა, რომელიც მაშინ უნდა მიეღოთ, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდათ, ერთიანად მიიღეს. 

გუშინ, 3 თებერვალს, ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. თავდაპირველად მეხანძრე-მაშველებმა დედისა და 4 მცირეწლოვანი შვილის, მოგვიანებით კი მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო. 

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტთან დღეს დაგეგმილი აქცია-პიკეტი ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარლამენტთან ისაუბრა.

კომენტარები