არჩევნები 2020

თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე: უფრო საიმედო იქნება ჩვენი შეთავაზებული მოდელი - 100/50

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეკონომიკური განვითარება მაღალია, პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბებულნი არიან და სადაც ნორმალური პოლიტიკური კულტურა არსებობს, პროპორციულმა სისტემამ უკვე შექმნა კრიზისები ამ ორი წლის განმავლობაში - ვერ ჩამოყალიბდა კოალიციები და ვერ მოხდა მთავრობის ფორმირება.

ჩვენთან კი ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულზე და ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა უკვე დესტაბილიზაცია სცადა - წარმოიდგინეთ, რომ გადავსულიყავით, რას მოიმოქმედებდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამოკიდებულება შეიცვალა საკითხის მიმართ და ჩვენი საერთო პოზიცია არის, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება, მიგვაჩნია, რომ უფრო საიმედო და ქვეყნისთვის ნაკლები რყევების მომტანი სისტემა იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული მოდელი 100/50

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს. მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა ყველა მომდევნო არჩევნებზეც სურს სრულად პროპორციული სისტემის ნაცვლად. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

კომენტარები