კორონავირუსის გამო ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 0,5%-ით შემცირდეს

Reuters

ერთერთი ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, აზიაში კორონავირუსის გავრცელება კონტინენტის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

სააგენტოს შეფასებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ რეგიონში მომუშავე ტურისტული სააგენტოები არიან. ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის შემდგომი სწრაფი გავრცელება რეგიონის ეკონომიკაზე საგრძნობ უარყოფით ეფექტს იქონიებს. განსაკუთრებული რისკის ქვეშაა ტაილანდი, ვიეტნამი და სინგაპური. ამ ქვეყნების ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურიზმიდან მოდის. 

საფრთხის ქვეშ არიან მაკაო და ჰონგ-კონგიც, რომელთა მიმართ პროგნოზი მანამდეც პესიმისტური იყო. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზუსტ პროგნოზზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერი ეპიდემიის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. 

ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის გაფართოებამ და ადგილობრივ ახალ წელთან დაკავშირებული უქმე დღეების გაგრძელებამ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 0,5%-ით შეამციროს. კორონავირუსის შემდგომი გავრცელების უარყოფითი ეფექტი დიდი ალბათობით, 2003 წელს ატიპიური პნევმონიის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზარალსაც გადააჭარბებს.

ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის ბაზარზე უმნიშვნელო რყევებმაც კი შესაძლოა ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და ბევრი ვალუტის გაუფასურება გამოიწვიოს. Financial Times-ის ინფორმაციით, ნავთობის მომპოვებელი სახელმწიფოები [OPEC] კორონავირუსთან დაკავშირებიით უკვე გამართეს წინასწარი შეხვედრები და შეთანხმდნენ წარმოების შემცირებაზე. 

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინუმუმს ჩამოცდა და ბარელზე 58 დოლარი შეადგინა. ჩინეთის ეკონომიკისთვის გასული წელი უიღბლო გამოდგა, 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

კომენტარები