არჩევნები 2020

ვოლსკი: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციისთვის არც პროპორციული სისტემაა მისაღები

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციისთვის არც პროპორციული სისტემაა მისაღები.

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციისთვის არც ერთი ვარიანტი არ არის მისაღები, არც პროპორციული არ არის მისაღები. ვფიქრობ, პროპორციული არჩევნების სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების საქციელი, დამოკიდებულება საკითხების მიმართ იქნებოდა სხვანაირი იქნებოდა. რასაც დღესდღეობით ვუყურებთ, ეს არის საბოტაჟი, რომელსაც მათი აზრით, გაცილებით უფრო მეტი დაძაბულობა უნდა მოყვეს, ვინაიდან არჩევნებით ისინი ვერ გაიმარჯვებენ. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, რადგან სულ მცირე საზოგადოებამაც, საერთაშორისო პარტნიორებმაც და ორგანიზაციებმაც უნდა დაინახონ, რეალურად ვის რა შეთავაზება აქვს, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“, – თქვა გია ვოლსკიმ პირველი არხის ცნობით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი, მე-5 რაუნდი იანვრის ბოლო რიცხვებში ან თებერვლის დასაწყისში გაიმართება. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 20 დეკემბერს გაიმართა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელია - ისინი ითხოვენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდეს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები