თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტმა ივანიშვილის დისერტაციის შესამოწმებლად განათლების ცენტრს მიმართა

თავისუფლების ინსტიტუტი ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.

ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს. 

ორგანიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც მოსკოვში 1987 წელსაა დაცული, გასული წლის ნოემბერში მოიპოვა. ხვადაგიანის თქმით, ორგანიზაციამ ეს დისერტაცია დარგის ექსპერტთა ჯგუფს გააცნო, რომელთა საერთო დასკვნა შემდეგნაირია, რომ დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს. 

"დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგენბთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების,"- ამბობს ხვადაგიანი.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებით, მათ აქვთ ასევე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს. 

"განსაკუთრებით იმიტომ, რომ არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით. ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,"- ამბობს სალომე ხვადაგიანი. 

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ჩაიბარა.

კომენტარები