კონგრესმენების წერილი გახარიას

კონგრესმენები ოცნებასთან დაკავშირებული FB-გვერდების ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე: მიუღებელია

საქართველის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის ოთხი კონგრესმენის მიერ მიწერილ წერილში Facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის წაშლასთან დაკავშირებითაცაა საუბარი. 

კონგრესმენების განცხადებით, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გვერდების მხრიდან ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივება მიუღებელია. 

"თქვენს საპასუხო წერილში, რომელიც 17 დეკემბრით იყო დათარიღებული, პირობა დადეთ, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩაივლის. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, Facebook-მა წაშალა ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც ქართული ოცნების მიერ იყო დაფინანსებული. ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტი-დემოკრატიულ, ანტი-დასავლურ სენტიმენტებს, უბრალოდ, მიუღებელია,"- წერია წერილში. 

წერილი, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები