საარჩევნო სისტემა

ბოკერია: 100/50-ის ფორმულა ტოვებს შანსს, მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით, მთავრობა შეიქმნას

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული სიით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული სისტემით შეყვანას გულისხმობს, იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა ძალამ მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით უმრავლესობა მოიპოვოს. 

"100/50-ზე ბალანსი იძლევა შესაძლებლობას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა მოიპოვოს. მეოთხედზე ცოტა მეტით. ანუ სამი ადამიანიდან ერთზე ნაკლები რომ აძლევს პოლიტიკურ ძალას ხმას, იმ ძალას აქვს შანსი, რომ უმრავლესობა ჰქონდეს,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, საზოგადოების დაკვეთა და ბიძინა ივანიშვილის პირობა დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ პროპორციული არჩევნები იყო. 

"წარსული გამოცდილებით და მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც გამორიცხავს მეოთხედი მხარდაჭერით და მესამედზე ნაკლებით ჰქონდეს უმრავლესობა. ამ შემოთავაზებაზე უარი ითქვა ამ მიზეზით,"- ამბობს ბოკერია. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. შეხვედრები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

მოლაპარაკებების ჯერჯერობით ბოლო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუმცა, ე.წ გერმანული მოდელის მიღებაზე უარს ხელისუფლება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსის არარსებობის მიზეზით ამბობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით

კომენტარები