ლიბანი

ლიბანში პოლიციისა და მომიტინგეების შეტაკების შედეგად 370 ადამიანი დაშავდა

19 იანვარს ლიბანში მმართველი ელიტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციისა და მომიტინგეების შეტაკების შედეგად სულ მცირე 370 ადამიანი დაშავდა. ექიმები ამბობენ, რომ ერთმა მომიტინგემ რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

ორგანიზატორების თქმით, ეს "გაბრაზების კვირაა". მომიტინგეებმა ქალაქის რამდენიმე წერტილიდან პარლამენტისკენ გამართეს მსვლელობა. მათ შემოერთებამდე, მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციას შორის შეტაკება უკვე დაწყებული იყო.

მომიტინგეების ნაწილი ქვებს, ფეიერვერკს, ფოლადის ბარიკადებს ისროდა და პარლამენტში შეღწევას ცდილობდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა და წყლის ჭავლიც გამოიყენა. 

პროკურატურამ 34 დაკავებული დღესვე გაათავისუფლა, თუმცა უცნობია სულ რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ჰარირიმ პოლიტიკოსებს დროის ფლანგვის შეწყვეტისკენ და მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ 29 ოქტომბერს სატელევიზიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტ მიშელ აუონს მისი მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა.

მას შემდეგ ახალი მთავრობის შექმნისთვის აუონს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია. მომიტინგეთა ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის აუონის, გადადგომასაც ითხოვენ.

მომიტინგეები თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.

კომენტარები