სამართლებრივი დავა

კანზასელმა მამაკაცმა ცოლთან დავის გადასაწყვეტად სასამართლოს ხმლებით ბრძოლის უფლება სთხოვა

აშშ-ში კანზასელმა მამაკაცმა აიოვას შტატის მოსამართლეს ყოფილ ცოლთან და მის ადვოკატთან სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად ხმლებით ორთაბძოლის უფლება მოსთხოვა. ყოფილი მეუღლეები მეურვეობისა და ქონების გადასახადის შესახებ დავობენ.

40 წლის დევიდ ოსტრომმა სასამართლოს განუცხადა, რომ ყოფილმა ცოლმა და მისმა ადვოკატმა ის "სამართლებრივად გაანადგურეს", მოსამართლეს კი უფლებამოსილება აქვს, მხარეებს დავის "საბრძოლო მოედანზე კანონიერად გადაჭრის" შესაძლებლობა მისცეს. მისივე თქმით, მსგავსი ორთაბრძოლა აშშ-ში მკაფიოდ არასდროს აუკრძალავთ.

მედიის ცნობით, მამაკაცმა მოსამართლეს 12 კვირაც სთხოვა იმისთვის, რომ იაპონური სამურაის ხმლების მოპოვება მოასწროს. ის ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეს შეუძლია, ფალავანად ადვოკატი გამოიყვანოს. 

თავის მხრივ, ადვოკატმა მოსამართლეს მოთხოვნის უარყოფა მოსთხოვა, რადგან დუელი  შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქონების გადასახადის და მეურვეობის საკითხები.

მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადებას არ გეგმავს და სასამართლო არაფერს მოიმოქმედებს მანამ, სანამ მხარეები დადგენილი პროცედურებით არ იხელმძღვანელებენ.

 

კომენტარები