თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

პომპეო თეირანის აქციაზე: ირანელ ხალხს ყელში ამოუვიდა რეჟიმის ტყუილები, კორუფცია და უუნარობა

მაიკ პომპეო
REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, თეირანში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელიც ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. აქციის მონაწილეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ირანის მიერ ამ ინფორმაციის 4 დღის განმავლობაში დამალვას აპროტესტებდნენ. 

"ირანელი ხალხის ხმა ნათლად ისმის. მათ ყელში ამოვიდათ რეჟიმის ტყუილები, კორუფცია, უუნარობა და ხამეინის კლეპტოკრატიის დაქვემდებარებაში მყოფი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სისასტიკე. ჩვენ ირანელი ხალხის გვერდით ვართ, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ",-წერს პომპეო.  

თეირანში აქციის დაშლისას ათობით სტუდენტი დააკავეს. აქცია ასობით სტუდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგოდ გამართა.  

დღეს, 11 იანვარს, ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. 

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები