თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანმა უკრაინული ბოინგის შავი ყუთი ექსპერტიზაზე საფრანგეთში გაგზავნა

AFP

8 იანვარს, შემთხვევით ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთი, ირანმა ექსპერტიზაზე საფრანგეთში გაგზავნა. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავის შავი ყუთი პარიზში პარასკევს, 17 ივლისს გაიგზავნა. 

ამ დრომდე ირანი შავი ყუთის გადაცემას აყოვნებდა, ვინაიდან გაურკვევლი იყო, რომელ ქვეყანაში უნდა მომხდარიყო ინფორმაციის გაშიფვრა. საერთაშორისო საავიაციო წესების თანახმად, ირანს ჰქონდა უფლება გაძღოლოდა ავიაკატასტროფის გამოძიებას, თუმცა როგორც წესი გამოძიებაში ჩართულია თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანიაც. ჩამოგდებული თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Boeing-ს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ირანმა უარი განაცხადა შავი ყუთი აშშ-ში გაეგზავნა.

შავი ყუთიდან მოპოვებულ ინფორმაციას ფრანგი ექსპერტები დაამუშავებენ, უკრაინის და კანადის  განცხადებით, გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად ისინი საკუთარ ექსპერტებს გაგზავნიან საფრანგეთში.

8 იანვარს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზემყოფი 176 ადამიანი დაიღუპა. მგზავრებს შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფაზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. ირანის განცხადებით, კატასტროფის მიზეზი “უნებლიე ადამიანური” შეცდომა იყო. სამხედროებს თვითმფრინავი ბალისტიკური რაკეტა ეგონათ, რაც თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი გახდა. 

ირანის განცხადებით, იანვარშივე დააკავეს ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირები.

კომენტარები