თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

UIA: ავიაკატასტროფამდე საფრთხის შესახებ თვითმფრინავს ირანისგან გაფრთხილება არ მიუღია

მაშ შემდეგ, რაც დღეს ირანმა თიერანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში (UIA) განაცხადეს, რომ თეირანის აეროპორტს შესაძლო საფრთხის შესახებ აფრენამდე თვითმფრინავი არ გაუფრთხილებია.

ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზონაში გაიფრინა, UIA-ს პრესკონფერენციაზე ავიახაების პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა უარყვეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავმა მის ნორმალურ კურსს გადაუხვია და თქვეს, რომ ირანის ხელისუფლებას აეროპორტი უნდა დაეხურა.

ვიცეპრეზიდენტ იგორ სოსნოვსკ თქმით, აეროპორტის დისპეჩერის მითითების შესაბამისად, თვითმფრინავი 15 გრადუსით მარჯვნივ გატრიალდა მას შემდეგ, რაც 6000 ფუტს მიაღწია.

"ბორისპოლის აეროპორტიდან აფრენის დროს თვითმფრინავს შესაძლო საფრთხეზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თეირანის აეროპორტიდან აფრენის დროსაც ზუსტად ასე იყო," - თქვა ავიახაზების პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ.

ავიაკომპანიის წამყვანმა პირებმა ირანს სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

"თუ ისინი რაღაც ადგილიდან რაღაც ადგილის მიმართულებით ისვრიან, ისინი ვალდებულნი იყვნენ აეროპორტი დაეხურა. ვალდებულნი იყვნენ. შემდეგ ესროლათ რამდენიც უნდოდათ," - თქვა ავიახაზების ვიცეპრეზიდენტმა.

ავიახაზებში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვითმფრინავის აფრენის დროს თეირანის აეროპორტი ნორმალურად მუშაობდა. კითხვაზე, თუ რატომ აფრინდა თვითმფრინავი დაგვიანებით, დიხნემ უპასუხა, რომ კაპიტანს თვითმფრინავისგან ბარგის ნაწილი უნდა გადმოეღო, რადგან თვითმფრინავი ძალიან დატვირთული იყო.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორტზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა. ირანის სამხედრო ძალების თქმით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

თვითმფრინავის ჩამოგდებას წინ უსწრებდა ირანის სარაკეტო შეტევა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თავდასხმა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ მოხდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

კომენტარები