თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

NEWSWEEK: აშშ-სა და ერაყში სჯერათ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შეცდომით ჩამოაგდო

UNIAN

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის მაღალჩინოსნები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის თეირანში ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

CNN-ის ცნობით, ეს თეორია ეფუძნება სატელიტებიდან და რადარებიდან მიღებულ და სხვა ელექტრონულ მონაცემებს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო ძალები და სადაზვერვო სამსახური აგროვებენ. 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აბედზადეჰი ამბობს, რომ ისინი ფრენის მონაცემების ჩანაწერებს Boeing-ისა თუ აშშ-ს არ გადასცემენ. 

ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის Newsweek ასევე პენტაგონისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებთან საუბარზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანის ძალებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.

Newsweek-ის ცნობითვე, გამოცემა ერაყის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნებს და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს ესაუბრა და მათი ინფორმაციით, იქაც ფიქრობენ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა Tor-M1 სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს. 

პენტაგონი საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. 

საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ეჭვობს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა. მისი თქმით, შესაძლოა, რომ "ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს. 

დანილოვის თქმით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რუსული რაკეტის ნაწილების შესახებ, უკრაინელ გამომძიებლებსა და ირანს სურთ, რომ ავიაკატასტროფის ადგილას ეს ნაწილები იპოვონ. 

ირანის სოციალურ მედიაში გავრცელდა დაუზუსტებელი სურათი, რომელზეც ჩანს რუსული Tor-M1-ის რაკეტა, რომელსაც ირანის სამხედრო ძალები იყენებენ. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა. 

კომენტარები