თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ირანი: ავიაკატასტროფის გამოძიება, შესაძლოა, ერთ ან ორ წელში დასრულდეს

Fox

ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობასაც Reuters არ ასახელებს, ავიაკატასტროფის გამოძიების ბოლომდე მისაყვანად შესაძლოა ერთი ან ორი წელი იყოს საჭირო.

მისივე თქმით, შავი ყუთებიდან ინფორმაციის ჩაწერას, შესაძლოა ერთი ან ორი თვე დასჭირდეს.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ირანს შავი ყუთებიდან ინფორმაციის ჩაწერა ირანს თავად ურჩევნია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეუძლია გაუგზავნოს რუსეთს, კანადას, საფრანგეთს ან უკრაინას, რადგან თეირანს ამ ქვეყნებთან აქვს შეთანხმება.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შავი ყუთები, სავარაუდოდ, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაშია.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო:

"უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ბრიტანეთი ყველა მხარეს მოუწოდებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ." თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

"მე მაქვს ჩემი ეჭვები, არ მსურს ამაზე საუბარი, სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა. არა ჩვენმა სისტემამ. ამბობენ, რომ მექანიკური, არ ვიცი. საშინელი რამ მოხდა", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკული გამოცემა, New York Times-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ადასტურებს, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი ირანული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

კომენტარები