თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

CBS: თეირანში ავიაკატასტროფის ადგილიდან თვითმფრინავის ნაწილები გაიტანეს, დაცვა არაა

თეირანში ავიაკატასტროფის ადგილიდან თვითმფრინავის ნაწილები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია CBS ავრცელებს.

"CBS-ის ჯგუფი დასავლეთ თეირანში ახლახან ესტუმრა უკრაინული ავიახაზების ავიაკატასტროფის ადგილს. ადგილობრივი დროით 9 საათზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმფრინავის თითქმის ყველა ნაწილი გუშინ მოაშორეს. ახლა დასუფთავების სამსახური ალაგებს ადგილს. დაცვა არაა. არც კორდონებია. გამოძიების არანაირი ნიშანია," - წერს CBS-ის უფროსი ჟურნალისტი ელიზაბეტ პალმერი.

CBS-ის ჯგუფი ავიაკატასტროფის ადგილას იმყოფებოდა მანამ, სანამ ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილის დატოვება არ მოსთხოვეს.

პალმერმა აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის ადგილზე თვითმფრინავის ძალიან ცოტა ნაწილია დარჩენილი.

როგორც თვითმხილველი ამბობს, გუშინ სატვირთო მანქანა და მძიმე ტექნიკა დაინახა, რითაც ნაწილები გაიტანეს. ირანში არ უთქვამთ, თუ სად წაიღეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები. 

ჟურნალისტის თქმით, ავიაკატასტროფის ადგილის პერიმეტრი დიდია და მედიის ჯგუფმა მისი მხოლოდ ერთი ნაწილის ნახვა მოახერხა, თუმცა იქ მყოფმა თვითმხილველმა თქვა, რომ თვითმფრინავის ჩონჩხი და წინა ნაწილი გაიტანეს. თვითმხილველისვე თქმით, თვითმფრინავის ნაწილების და დაღუპულთა გვამების გატანა ავიაკატასტროფის მეორე დღესვე დაიწყეს.

უკრაინელი გამომძიებლები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ჯერ არ მისულან.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო:

"უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ბრიტანეთი ყველა მხარეს მოუწოდებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ." თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

"მე მაქვს ჩემი ეჭვები, არ მსურს ამაზე საუბარი, სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა. არა ჩვენმა სისტემამ. ამბობენ, რომ მექანიკური, არ ვიცი. საშინელი რამ მოხდა", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკული გამოცემა, New York Times-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ადასტურებს, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

ირანი უარყოფს, რომ თვითმფრინავი ირანული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

კომენტარები