თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ილია II: ვუსამძიმრებთ უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უსამძიმრებს.

"გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ",-წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, 8 იანვარს ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს.

თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა. 

ასევე, Reuters-ის ცნობით, ირანში ავიაკატასტროფა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის პირველი ფატალური შემთხვევაა.  

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, შესაძლო სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები