აშშ-ირანი

ზალკალიანი: ერაყში ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ, ყველა სცენარისთვის მზად ვართ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. ზალკალიანი ამბობს, რომ ბაღდადში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ისინი არიან ერაყის ჩრდილოოეთ ნაწილში.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა საელჩო ყულის რაიონში, იქედან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში არიან ჩვენი მოქალაქეები. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდება. ჩვენ გვყავს მოქალაქეების ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა კომუნიკაცია. ასევე უკვე მიღებულია ზომები, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, როგორ მოხდება ჩვენი მოქალაქეების დახმარება. ისინი არიან მუდმივ კავშირზე საელჩოსთან. ჩვენ არ გვყავს საელჩო ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს მეშვეობით ხდებოდა კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან", - თქვა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციაშია.

"გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე, რეგიონში სიტუაციის ესკალაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს არამხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა, ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით და აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი იმისთვის, რომ მოიძებნოს სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება", - თქვა ზალკალიანმა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, გამწვავდა. სოლეიმანის მკვლელობაზე საპასუხოდ ირანმა სარაკეტო შეტევები განახორციელა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ირანის მიერ ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ტრამპის პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახადა, რომ ამერიკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. მან ნატოს მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთნონ მიმდინარე პროცესებში

კომენტარები