ანაკლიის პორტი

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: გადავწყვიტეთ უფრო ძლიერი ინვესტორის ძიების პროცესში შესვლა

მაია ცქიტიშვილი
commersant

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს.

"მაშინ, როდესაც საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვისუკვე უნდა გვქონოდა პორტი ოპერირებაში. როგორც ხედავთ, ამ პერიოდის გასვლის განმავლობაში ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამ შედეგის შესრულების პერსპექტივა არ ჩანს. 

აქედან გამომდინარე, ამით არის განპირობებული ჩვენი გადაყვეტილება, ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეჩერების და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად სტაბილური, ძლიერი ინვესტორის ძიების პროცესში შესვლის, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. 

ეს პროექტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ უკვე ახალი პარტნიორის ძიებას, იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად." - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.

ცქიტიშვილის თქმით, ამ დრომდე, ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, ვისთანაც მთავრობას ურთიერთობა ჰქონდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იყო. შესაბამისად, ხელახლა გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ახალი ინვესტორის მოსაძიებლად.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები