თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

REUTERS

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების (UIA - Ukraine International Airlines) თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. მისი გადაწყვეტილებით, გარდაცლილთა სავატივსაცემოდ სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშებს დაუშვებენ. 

თვითმფრინავი თეირანში ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს. ცნობილია, რომ ეკიპაჟის ცხრავე წევრი უკრაინელი იყო. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ ბორტზე 11 უკრაინელი დაიღუპა - 2 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე ირანის 71, კანადის - 73, გერმანიის - 4, დიდი ბრიტანეთის - 3, შვედეთის - 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, უკრაინის საჰაერო ტრანსპორტის რეგულატორმა ირანში ფრენები იქამდე აკრძალა, სანამ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი არ გაირკვევა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ერთადერთი არ არის, რომელმაც ირანის მიმართულებით ფრენა აკრძალა. გერმანიის Lufthansa, დუბაიში დაფუძნებული Emirates და დაბალბიუჯეტური flydubai იმ ავიახაზებს შორისაა, ვინც ფრენები გააუქმა.

კომენტარები