აშშ-ირანი

ერაყული და ამერიკული წყაროების მიხედვით, აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

თეთრი სახლი
huffpost.com

CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალების მაღალჩინოსანმა მათ უთხრა, რომ ერაყში აშშ-ის ბაზებზე ირანის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ფლობდნენ და საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ბაზებიდან გასულიყვნენ. 

მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებმა დროულად მოახერხეს, ბუნკერებისთვის თავი შეეფარებინათ. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ერაყი და არც აშშ. პენტაგონს ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. გვიან ღამით დანიშნული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო ბრიფინგი გადაიდო. 

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ყველაფერი კარგადაა". 

"ამ დროისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! ჩვენ ყველაზე ძლევამოსილი და ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ,"- წერს ტრამპი. 

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან გვიან ღამით განხორციელდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრის დროს რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერაყში სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის დროს "სულ მცირე 80 ამერიკელი ტერორისტი მოკლეს" და სამხედრო ტექნიკა დააზიანეს. 

რევოლუციური გვარდია იმუქრება, რომ მიზანში რეგიონში კიდევ 100 ობიექტი აქვთ ამოღებული იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ირანის რევოლუციური გვარდია უკვე დაიმუქრა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით. 

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები