თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ზელენსკი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ამ დროისთვის ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ვამოწმებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. 

"ჩვენი საელჩო ამ დროისთვის ამოწმებს ინფორმაციას ტრაგედიისა და დაღუპულთა შესახებ. ჩემი გულითადი სამძიმარი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ოჯახსა და ახლობლებს,"- დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. 

8 იანვარს გამთენიისას თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. 

Flightradar24-ის ცნობით, ბოლოს თვითმფრინავი თეირანის მახლობლად ქალაქ პარანდთან შენიშნეს. უკრაინის ავიახაზების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან დილის 5 საათსა და 15 წუთზე უნდა აფრენილიყო. თვითმფრინავი თეირანი-კიევის ფრენას ასრულებდა.

რუსული მედია რია ნოვოსტი ირანულ Tansim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტის უფროსმა დაადასტურა.

კომენტარები