ვენესუელა

ვენესუელის ოპოზიციამ პარლამენტში შეღწევა შეძლო, სპიკერად კვლავ გუაიდო დაამტკიცეს [Video]

ვენესუელის ოპოზიცამ, რომელსაც ნიკოლას მადუროს დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების ძალები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლო და თავმჯდომარედ კვლავ ხუან გუაიდო დაამტკიცა.

ეროვნული ასამბლეის შენობა უშიშროების ძალებს ჰქონდათ ალყაში მოქცეული, თუმცა გუაიდოს მხარდამჭერებმა ბარიერის გადალახვა შეძლეს და შენობაში შეაღწიეს შეძახილებით "სიცოცხლე ვენესუელას!". მომხდარის ამსახველ ვიდეოს თავად გუაიდო ავრცელებს საკუთარ ტვიტერზე.

მეორე ვადით არჩევის შემდეგ გუაიდომ ფიცი დადო, რომ გარდამავალი პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად გუაიდოს ნაცვლად ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს.

მიმდინარე კვირას ოპოზიციის ლიდერებს გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო, მეორე ვადით უნდა აერჩიათ სპიკერად. რაც შეეხება ლუის პარრას, ის ოპოზიციური პარტიიდან გასულ თვეს კორფციის ბრალდების გამო გარიცხეს. ამის შემდეგ ის გუაიდოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მადუროს მიერ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას და პარლამენტის კონტროლისათვის ძალისა და დანიშნების გამოყენებას მას შემდეგ, რაც მისმა სოციალისტურმა პარტიამ 2015 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო.

მას შემდეგ, რაც შენობაში შეღწევა ვერ შეძლო, გუაიდომ ახალი კონგრესი არალეგალურად გამოაცხადა და თქვა, რომ სესიებს სხვაგან ჩაატარებს.

ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები