აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქვეყნის სამსახურში / Facebook

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ახალ წელს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად შეხვდნენ, რომლის კარავიც პოლიციამ ატრაქციონების დასადგმელად გუშინ ღამით დაშალა.

აქციაზე იმყოფებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბრის ღამეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც გუშინ ღამითვე გაბერეს, თუმცა მოგვიანებით ბატუტი აიღეს, რადგან მისი ვიზუალი თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

ღამით პარლამენტის წინ დაკავებული აქტივისტები 31 დეკემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი იანვრამდე გადაიდო.

ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ბექა ბასილაიას, ზურაბ მჟავანაძის, გიორგი მუმლაძის და ზურაბ ნადირაძის საქმეებს სასამართლო 6 იანვარს განიხილავს, ხოლო ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას საქმეებს 8 იანვარს.

ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც პარლამენტის წინ პროტესტანტების კარვების აღებასა და მათ მაგივრად საბავშვო ატრაქციონებს დადგმას აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხრავე პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

კომენტარები