რუსეთი

მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მიერ მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე ათეულობით სამართალდამცავი მივიდა და ფონდის კარი ძალით შეამტვრიეს. 

ფონდის თანამშრომლების ცნობით, დაკავებულია ალექსეი ნავალნი. ოფისში იმყოფება კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი, რომელიც ფონდის იურისტია, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა წებოვანი ლენტი დააკრეს ვიდეოკამერებს, ხოლო ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დაიბლოკა ფონდის კუთვნილი ყველა ანგარიში და საბანკო ბარათი. სამართალდამცავები ასევე ჩხრეკენ ნავალნის youtube არხის სტუდიასაც, საიდანაც ოპოზიციონერს პირდაპირი ჩართვები აქვს. 

ბოლო სამ თვეში ეს ფონდის ჩხრეკის უკვე მეორე შემთხვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ფონდის დაფინანსებას. შემოდგომაზე ჩხრეკა ჩატარდა ფონდის უკლებლივ ყველა ოფისში, მათ შორის, რეგიონებშიც. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ნავალნის ფულის გათეთრებას ედავებიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ნავალნის დაპატიმრების მიზეზი. მხოლოდ წელს ნავალნის ხუთზე მეტი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები