ისრაელი

ღაზადან გასროლილი რაკეტის გამო ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო ღონისძიების შეწყვეტა მოუხდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
AFP

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტის გამო პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების შეწყვეტა და თავშესაფარში გადასვლა მოუხდა.

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

რაკეტის გასროლაზე პასუხისმგელობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნა და დაბომბვა მოაწყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამიზნეს დაჯგუფება ჰამასის პოზიციები წარმოადგენდა. მათ მიაჩნიათ, რომ რაკეტის გასროლის უკან სწორედ ჰამასი დგას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიება სარაკეტო თავდასხმამ შეაწყვეტინა. მსგავსი ინციდენტი მიმდინარე წლის სექტემბერშიც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა ოპონენტმა ბენი განცმა სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს, ისრაელში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 2 მარტს ჩატარდება.

კომენტარები