თავისუფლების ინსტიტუტი

როგორ დავიცვათ მოქალაქეები პოლიციელთა ძალადობისგან - თავისუფლების ინსიტიტუტის ინიციატივა

თავისუფლების ინსტიტუტი, მოქალაქეების სამართალდამცავთა ძალადობისგან დაცვისთვის, სამი ახალი ინციატივით გამოდის. ორგანიზაციის წევრებმა ახალი ინიციატივები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს. 

პირველი: შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული გამოძიების მოდელზე გადასვლა. გამოძიების ეტაპზე დაცვისა და ბრალდების მხარისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება (გარდა ჩხრეკისა, მოსმენისა და სხვა ინტრუზიული ქმედებებისა);

წინასასამართლო გამოძიებისას მოწმეთა დაკითხვის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლოზე მოწმის დაკითხვა შეუძლებელი იქნება, ან თუ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება.

მეორე: პოლიციელის ვალდებულება სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას მუდმივად თან ატაროს სამხრე კამერა. პოლიციაში, ციხეში, დაკავების ადგილებში მოქალაქის უწყვეტი ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ჩანაწერის შენახვა უნდა მოხდეს სამოხელეო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადით, ორ ადგილას, დაშიფრული სახით;

მტკიცებულება, რომელიც ამ ჩაწერის გარეშე მოიპოვება, უნდა გამოირიცხოს პროცესიდან;

ვიდეო და აუდიო ჩანაწერის არ არსებობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის შებრუნება, სამართალდამცველის წინაღმდეგ ზიანის მიყენების სამოქალაქო დავისას.

მესამე: სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი ან სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებაზე ზედამხედველობა და დევნა გამოვა საჯარო პროკურატურის კომპეტენციიდან და დაექვემდებარება სპეციალურ უწყებას - დამოუკიდებელ პროკურორს.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ამბობენ, რომ შესაბამისი კანონპროეტის ინიცირებისათვის სამ ეტაპს გაივლიან. თბილისსა და რეგიონებში ჩაატარებენ ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, ითანამშრომელებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც მსგავსი ინიციატივები აქვთ და ასევე ითანამშრომელებენ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთა დახმარებითაც შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში დააინიცირებენ. 

კომენტარები