ქართული ოცნება

მდინარაძე ჟურნალისტებს: ამ ეკლესიის ეზოში პოლიტიკურ თემებზე ვერ ვისაუბრებ

"ყველას მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ [ჟურნალისტებს], დღეს, ახლა, ამ ეკლესიის ეზოში ვილაპარაკოთ ამ პოლიტიკურ თემებზე... მე შემიძლია მოვიდე ახლა პარლამენტში და ჩაგეწეროთ ყველას, ეს საკამერო თემა არ არის და ამიტომ გეუბნებით", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოვლის ეზოში.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას ქართული ოცნების წევრები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან." - წერია განცხადებაში.

კომენტარები