შობა

შობის მოსავალი

ის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: ვცხოვრობთ;

ის, რომ შეგვიძლია წარმოვთქვათ "მე" და წარმოვთქვათ "შენ";

ის, რომ შეგვიძლია, ობიექტურად დავადასტუროთ ჩვენი არსებობა;

ის, რომ ჩვენ საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალურ პიროვნებებად წარმოვიდგენთ და არა კოლექტივის ჭანჭიკებად ან ზეპიროვნული სამყაროული სულის გამონაშუქად, ან სულაც ილუზიად;

ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც წრეზე კი არ ბრუნავს, არამედ წარსულიდან აწმყოს გავლით მომავლისკენ მიემართება;

ის, რომ ჩვენ, ადამიანები ვქმნით ისტორიას, რომლის ყოველი წამი უნიკალურია და შეუქცევადი;

ის, რომ თავად ჩვენ ვქმნით ჩვენს ხვედრს, ჩვენს წუთისოფელს და ცხოვრებას ბედისწერა ან ვარსკვლევები არ განაგებენ, ანდა თოჯინებივით არ გვათამაშებენ ღმერთები;

ის, რომ თითოეულ კონკრეტულ ადამიანს აქვს ღვთაებრივი, წარუვალი ღირსება და ამ მხრივ, ყველა თანასწორები ვართ ღმერთისა და კანონის წინაშე და ისიც, რომ უკლებლივ ყველანი სრულყოფილებისკენ ვართ მოწოდებული;

ის, რომ ყველა ადამიანი იბადება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მესაკუთრედ და არა მონად ან ბატონად, ის, რომ ჩვენ, წუთისოფელში, თან დავატარებთ ღმერთის ძღვენს, მის საიდუმლოს - თავისუფლებას;

და თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც, რომ ვიცით, - ხელისუფლება უნდა იყოს ჩვენი მსახური და არა ჩვენ მისი მოსამსახურეები; ის, რომ ადამიანი და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული ხელისუფლებისგან და არა ხელისუფლება - ადამიანისგან;

და ისიც კი, მაგალითად, რომ ძალაუფლება შტოებად უნდა იყოს დანაწილებული, რათა ერთი ძალის, ერთი დიქტატის ქვეშ არ მოექეცს ყველაფერი, - რადგან, გვწამს, რომ არ არსებობს უშეცდომო და უცოდველი ადამიანი;

და რასაკვირველია, ისიც, რომ ღმერთი გოროზი, დამსჯელი, მეხტამტეხი ტიტანი კი არა, კაცთაგან დევნილი, დაუცველი ჩვილია, რომლისადმი შიში და ძრწოლა, სინამდვილეში, მის წინაშე სიფრთხილე და მოწიწებაა;

ის, რომ ხილულისა და უხილავის შემოქმედი უფალი თავგანწირული სიყვარულია, რომელიც ამოძრავებს ქვეყნიერებას და თავისი მოწყალებით ანადგურებს ყველანაირ უკეთურებას, მტრობას, ბოღმასა და ცოდვას;

ის, რომ ბოროტება, სიბნელე, სიძულვილი წარმავალია, რომ მათ არ აქვთ არც რაიმე დასაბამი, არც რაიმე საზრისი, რომ ისინი არც კი არსებობენ, რომ ნამდვილი, მარადიული არსებობა მხოლოდ სიკეთე, მშვიდობა და სინათლეა;

აი, ეს ყველაფერი ერთად და კიდევ უთვალავი სხვა რამ, საბოლოო ჯამში, ბეთლემის გარეუბანში, გომურში დაბადებული ებრაელი ბავშვის, როგორც ჩვენში დათესილი პურის მარცვლის, დიდი მოსავალია.

ქრისტიანების რწმენით, ეს ბავშვია ნამდვილი პური ჩვენი არსობისა!

გილოცავთ ქრისტეს შობას!

კომენტარები