სამთავრობო პროპაგანდა

მითების დეტექტორმა გამოავლინა, როგორ მართავს ყანდიაშვილის "ესპერსონა" FB ჯგუფებს და გვერდებს

მითების დეტექტორი

მითების დეტექტორმა ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოავლინა სქემა, რომელიც აჩვენებს, როგორ მართავს ქართული ოცნების პიარ ტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის დაფუძნებული ონლაინ გამოცემა ესპერსონა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული.

მითების დეტექტორის მოკვლევის მიხედვით, ესპერსონას ფეისბუქ გვერდი სულ მცირე, 14 ჯგუფს მართავს (არასრული სია). მათ შორის არის ჯგუფი "ბიძინა ივანიშვილი ჩვენი თანამოქალაქეა".

ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ნათია ბერიძეა, რომელიც კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული ესპერსონას ჟურნალისტი იყო და რედაქცია სწორედ ფეისბუკის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ გვერდებზე სანქციების დაწესების დღეს, 20 დეკემბერს დატოვა.

მითების დეტექტორის მიხედვით, ჯგუფს "ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!" ნათია ბერიძესთან ერთად ყალბი FB პროფილი (ტროლი) Oto Kuchava და ორი ფესვდო მედია გვერდი - Daily News და Info-page მართავენ.

ტროლი Oto Kuchava, რომელსაც პროფილად ლეონარდო დიკაპრიოს ფოტო უყენია, ზემოთჩამოთვლილ 14-ვე ჯგუფს მართავს. 14-დან 2 ჯგუფის შემთხვევაში (სიყვარული, ახალგაზდობა) გამოვლინდა კიდევ ერთი ტროლი Liza Didiberi, რომელიც მოდელის ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს იპარავს.

Oto Kuchava-ს პროფილი სახელისუფლებო ტროლთან Avtandil Kereselidze-სთან იყო დაკავშირებული. თავის მხრივ, Avtandil Kereselidze მართავდა ოპოზიციის მადისკედიტირებელ გვერდებს “იყავი და გაგეკეთებინა”, “ჩვენთვის არავინაა”, “პოლიტიკური სანაგვე”, “პოლიტიკური იუმორი”. ამ გვერდებთან და Avtandil Kereselidze-სთან ერთად ტროლი Oto Kuchava სხვა ჯგუფებს მართავდა. Avtandil Kereselidze “მითების დეტექტორმა” ადრე გამოააშკარავა, როგორც სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ერევანში მცხოვრები კარო მანუკიანის ფოტოს იპარავდა. კარო მანუკიანის მიერ ფეისბუქთან მისი დარეპორტების შემდეგ, Avtandil Kereselidze-ის პროფილი გაუქმდა.

გარდა ამისა, ესპერსონა მართავს სხვა ჯგუფებსაც, რომლებიც სრულიად განსხვავებული შინაარსისაა და სხვადასხვა ინტერესების სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი.

მითების დეტექტორმა ასევე გამოავლინა ფსევდო მედიის 7 გვერდი, რომლებიც ესპერსონასთან ერთად 13 ჯგუფს მართავენ. 7-ვე მათგანი 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში შეიქმნა. 7-დან 6-ს აღწერაში გვერდის ტიპოლოგიაში “ჟურნალისტი” აქვს მითითებული, ხოლო ერთს - “სიახლეებს” - “პერსონალური ბლოგი”. აღნიშნული გვერდები არ აქვეყნებენ ინფორმაციას საკუთარ გვერდებზე, არც ვებ-გვერდების მისამართები აქვთ მითითებული, თუმცა აქტიურობენ ესპერსონას მიერ მართულ ჯგუფებში.

ამ გვერდების მიერ მართული ჯგუფების შესწავლით სხვა ჯგუფებიც გამოვლინდა, რომელთაც ესპერსონას ჯგუფებთან დაკავშირებული პროფილები თუ გვერდები მართავს. აღნიშნული გვერდები, მათი სახელწოდებებიდან გამომდინარე, პოზიციონირებენ როგორც მედია, თუმცა რეალურად დაფარული იდენტობით მოქმედებენ და საინფორმაციო შინაარსს არ ქმნიან.

ესპერსონასთან დაკავშირებული ფსევდო მედია გვერდები, რომლებიც “ესპერსონა”-ს მიერ მართული ან დაკავშირებული ჯგუფების თანა-ადმინისტრატორები არიან: 

ტროლ Oto Kuchava-სა და “სპერსონას მიერ მართული ჯგუფების სხვა ადმინისტრატორები სხვა მსხვილ ჯგუფებსაც მართავენ. მათ მიერ მართულ ჯგუფებში სხვა ადმინისტრატორებად ძირითადად ორი ერთი და იგივე გვერდი და პროფილი - “ქუჩის აკადემია” და მომხმარებელი Temo Zadoevi გამოიკვეთა. მათ მიერ მართულ კიდევ 6 ჯგუფის (ქურდული, უფალო შეგვიწყალენ, უნივერსალური, პოსტალიონი, ნევროზიანი, გართობა) მოდერატორი პრო-რუსული გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” ავტორი ბაკურ სვანიძეცაა.

გამოვლენილი 14 ჯგუფიდან 9 საჯარო ჯგუფია, 5 კი პრივატული. საჯარო ჯგუფების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე აქტიური ჯგუფებია მსოფლიო ამბები, გაიხალისე ცხოვრება, ბედნიერი საზოგადოება და ჩვენ გვიხარია ცხოვრება.

_______________________________________________________________

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები