რუმინეთის რევოლუცია

30 წელი ევროპის ყველაზე სისხლიანი რევოლუციიდან — ჩაუშესკუს რეჟიმი ფოტოებში

1989 წლის 25 დეკემბერს რუმინეთის ქალაქ ტარგოვიშტეს საყაზარმო ნაწილში, სამხედრო სასამართლომ კომუნისტ დიქტატორს, ნიკოლაე ჩაუშესკუს და მის ცოლს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ვერდიქტი დაუყოვნებლივ აღასრულეს. ასე დასრულდა ნიკოლაე ჩაუშესკუს 24 წლიანი რეჟიმი და ევროპის ყველაზე სისხლიანი რევოლუცია. რუმინეთის რევოლუციიდან 30 წელი გავიდა.

ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთის კომუნისტურ პარტიას სათავეში 1965 წელს ჩაუდგა. იმ დროისთვის, ჩაუშესკუ სოციალისტური ბლოკის სხვა ლიდერებთან შედარებით ლიბერალური მიდგომებით გამოირჩეოდა. კომპარტიაში ჩაუშესკუ 1920-იანი წლების მიწურულს გაწევრიანდა. ოთხი კლასის განათლების მიუხედავად, მან მალევე მოახერხა პარტიაში ავტორიტეტის მოპოვება, პარტიულ მეტსახელად კი, მზის შვილი შერჩა. 

კომპარტიის ერთერთ სხდომაზე ჩაუშესკუმ მომავალი მეუღლე, ელენა გაიცნო. ელენა მეუღლის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა გახდა. სათავეში მოსვლისთანავე ჩაუშესკუმ აღმოსავლეთ ბლოკისთვის უჩვეულო ლავირებისა და გლობალური ძალაუფლების ცენტრებს შორის მოხერხებული ბალანსირების უნარი გამოავლინა. 

პერიოდული დაძაბულობების მიუხედავად, ჩაუშესკუს კარგი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. სოცბანაკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუმინეთი შედარებით დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1968 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა პრაღის გაზაფხულის სისხლში ჩახშობა გადაწყვიტა, ჩაუშესკუმ დიდი ძმის მოქმედება დემონსტრაციულად დაგმო. ჩაუშესკუმ ასევე უარი თქვა ჩეხეთში რუმინული არმიის გაგზავნაზე. 

მსგავსი თვითნებობების მიუხედავად, ჩაუშესკუ ყოველთვის ახერხებდა საბჭოთა კავშირთან მისთვის ხელსაყრელი გარიგებების დადებას. პრაღის გაზაფხულის დროს დაფიქსირებული პოზიციის გამო, ჩაუშესკუ დასავლეთის ქვეყნების სიმპატიითაც სარგებლობდა. დასავლეთის ქვეყნები უხვად გამოყოფდნენ ფინანსურ კრედიტებს რუმინეთის დიქტატორისთვის.

რუმინეთი კომუნისტური ბლოკის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო როგორც მოსკოვის, ასევე ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე.

 

როგორც რუმინეთში ამბობენ, ყველაფერი 1970 წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჩაუშესკუ ოფიციალური ვიზიტით კომუნისტურ ჩინეთსა და ჩრდილო კორეაში გაემგზავრა. აზიაში ჩასულ ჩაუშესკუზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება დატოვა მაო ძედუნმა და კიმ ერსენმა, რუმინეთის მმართველი ჩინეთსა და კორეაში დამკვიდრებული ბელადის კულტითაც მოიხიბლა. 

სამშობლოში დაბრუნებულმა ჩაუშესკუმ რეჟიმის რეფორმაცია და მისი ერთპიროვნული კულტის კიდევ უფრო გამყარება განიზრახა. 1970-იანი წლებიდან ჩაუშესკუს პორტრეტი მოქალაქეებს პრაქტიკულად ყველა შენობიდან უმზერდა, მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით გამოიცემოდა. მეუღლე ელენა კი, რუმინულ მეცნიერებას ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას, რომ ელენა ჩაუშესკუს მეუღლისგან განსხვავებით ხუთი კლასის განათლება ჰქონდა. 

დასავლეთისგან მიღებულ კრედიტებს ჩაუშესკუ ძირითადად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახმარდა. სახელმწიფო ვალი ხშირად ჩაუშესკუს ფანტაზიის ხორცშესხმას ხმარდებოდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ბუქარესტში მდებარე მსოფლიოს სიდიდით მეორე ადმინისტრაციული შენობაა - ნაგებობას რუმინეთში ხშირად ჩაუშესკუს სასახლეს უწოდებდნენ, თავად ბელადი კი ამბობდა, რომ ეს ხალხის სასახლეა. 

მონუმენტურ ნაგებობაში 6 ათასი ოთახი და ცხრა მიწისქვეშა სართულია. შენობის მოპირკეთებაზე იმდენი მარმარილო დაიხარჯა, რომ ქვეყანაში საფლავის ქვების დეფიციტი შეიქმნა. როგორც ამბობენ, ჩაუშესკუმ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა და შეცვალა, საბოლოოდ კი, მისი დიქტატურა მშენებლობის დასრულებამდე დაემხო. 

ქვეყნის შიგნით ჩაუშესკუს მთავარი დასაყრდენი სეკურიტატეს სამსახური იყო, რომელიც კაგებეს ანალოგს წარმოადგენდა. ქვეყანაში არ ფუნქციონირებდა თავისუფალი პრესა და ტელევიზია. სეკურიტატე უთვალთალებდა ყველას, რეჟიმის მოწინააღმდეგეები მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ ციხეებში. თავისუფალი ინფორმაციის ერთადერთი წყაროდ კი, რადიო დარჩა. ჩაუშესკუს სამსახურში იყო აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი აგენტურული ქსელი და მოქნილი რეპრესიული აპარატი.

ვითარებას კიდევ უფრო აუარესებდა უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე. წლების განმავლობაში რუმინეთს სოლიდური საგარეო ვალი დაუგროვდა. 1980-იან წლებში ჩაუშესკუს გადაწყვეტილებით რუმინეთმა დასავლეთის ვალების გასტუმრება დაიწყო, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა უმკაცრესი ეკონომიის რეჟიმზე გადავიდა. 

ჩაუშესკუს მეუღლემ, ელენამ, მეცნიერებთან ერთად შეიმუშავა კვების პროგრამა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუმინელები ზედმეტად ბევრს ჭამდნენ. დაწესდა შეზღუდვები ტელევიზორის გამოყენებაზე — დღეში 2-3 საათი. მოსახლეობას მოუწოდებდნენ, გამოერთოთ მაცივრები და საკვები აივნებზე შეენახათ. ბინებში აიკრძალა ერთზე მეტი ნათურის ანთება. 

ქამრების შემოჭერის ფარგლებში დაწესდა ტალონები პურზე და ყველა სახის საკვებზე. ამან პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი კიდევ უფრო გაამძაფრა. კიდევ უფრო გამკაცრდა საპოლიციო კონტროლი, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იდგა.

1989 წლის აპრილში, საკუთარი სასახლის აივნიდან გაკეთებულ მიმართვაში ჩაუშესკუ რუმინელებს აცნობებს, რომ რუმინეთის საგარეო ვალი მთლიანად გადახდილია, თუმცა ეს უკვე არაფერს ცვლის. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ექვს თვეში დიქტატორს დახვრეტენ. რუმინეთში უკვე აღწევს ხმები აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციების შესახებ. 

რუმინეთში კი ყველაფერი, სიდიდით მეორე ქალაქ ტიმიშოარადან დაიწყო.

დასავლეთში მდებარე ქალაქში მრავლად ცხოვრობდა უნგრული უმცირესობა. ტიმიშოარას ერთერთ რეფორმისტულ ტაძარში მოღვაწეობდა პასტორი ლასლო ტოკეში. ეთნიკურად უნგრელი ტოკეშის ეკლესიაში, ძირითადად, უნგრული უმცირესობა იკრიბებოდა. თავის ქადაგებებში მღვდელი ღიად აკრიტიკებდა კომუნისტურ რეჟიმს და პირადად ჩაუშესკუს. 

დროთა განმავლობაში ტოკეშის ქადაგებებზე მისული მრევლის რაოდენობა იზრდებოდა. ცხადია, ეს არ გამორჩენია სეკურიტატეს სამსახურს, რომლებიც სასულიერო პირს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. 1989 წლის 14 დეკემბერს სეკურიტატეს თანამშრომლებმა ტოკეშს სახლში მიაკითხეს. მღდველს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში სდებდნენ ბრალს. სეკურიტატეს თანამშრომლები პასტორის გასახლებას შეეცადნენ, თუმცა ამას მრევლის პროტესტი მოყვა. 

ლასლო ტეკეში და დასაპატიმრებლად მოსული სეკურიტატეს აგენტი

ტოკეშის გასახლების მცდელობა მალევე სამოქალაქო მღელვარებაში გადაიზარდა. სეკურიტატეს წინააღმდეგ ქუჩაში ქალაქის ათასობით მცხოვრები გამოვიდა. რამდენიმე საათში ტიმიშოარას მთავარ მოედანზე მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგი მიმდინარეობდა. ტოკეშის დაცვის გარდა, დემონსტრანტები ქვეყანაში შექმნილ სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

მოსახლეობა საკვები პროდუქციისა და ელექტროენერგიის დეფიციტს აპროტესტებდა. პრაქტიკულად იმ დღესვე, შეკრება ანტისამთავრობო დემონსტრაციად ჩამოყალიბდა. პროტესტანტების ყველა მოთხოვნა ერთადერთით — ჩაუშესკუს რეჟიმის დემონტაჟის მოთხოვნით შეიცვალა.

ტიმიშოარას მღელვარების დაწყების მომენტში ჩაუშესკუ ვიზიტით ირანში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც პროტესტმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ჩაუშესკუ დაუყოვნებლივ დაბრუნდა რუმინეთში. "ესროლეთ პირდაპირ ფეხებში", — ესეთი იყო ჩაუშესკუს პირველი ბრძანება ბუქარესტში ჩასვლის შემდეგ.

16 დეკემბერს ვითარების განსამუხტად ტიმიშოარაში არმია შევიდა. სეკურიტატეს აგენტები და ჯარისკაცები ორი დღის განმავლობაში ატერორებდნენ მოსახლეობას, ამის მიუხედავად, პროტესტი სულ უფრო იზრდებოდა. ტიმიშოარაში ჯარების შეყვანის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

"როგორც ჩანს, დადგა რუმინეთის ჯერიც", — ეწერა განცხადებაში.

17 დეკემბერს არმიამ საქმეში ტანკები და ცეცხლასროლი იარაღი ჩართო, დაიწყო ტიმიშოარას მთავარ მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების უმოწყალო დარბევა. ამ დღეს ჩაუშესკუს ბრძანებას, სხვადასხვა მონაცემებით, 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. კიდევ 45 გვამი სეკურიტატემ მორგებიდან საიდუმლოდ გამოიტანა და დაწვა. ჩაუშესკუ მალავდა ინფორმაციას დაშავებულებსა და დაღუპულებზე.

დაღუპულებს გვამების ამოცნობის გარეშე საერთო სასაფლოებზე კრძალავდნენ. ინფორმაციული ვაკუუმის მიუხედავად, ტიმიშოარაში განვითარებული მოვლენების შესახებ ხმები სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. მომდევნო დღეებში პროტესტი რუმინეთის სხვა ქალაქებსაც გადაედო, მათ შორის მღელვარება დაიწყო ბუქარესტშიც.

ტიმიშოარაში არმიის მოქმედებების ერთერთი პირველი მსხვერპლი 2 წლის გოგონა კრისტინა ცეზბაგანუ გახდა, რომელსაც სახლის ფანჯარაში შევარდნილი ბრმა ტყვია შეიწირავს. 18 დეკემბერს არმიის გენერლების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს ჩაუშესკუს ბრძანებების შესრულებაზე. დიქტატორის უახლოეს წრეში განხეთქილება მწიფდება.

დაძაბულობის ეპიცენტრი კვლავაც დასავლეთ რუმინეთია. ამ დროს ვრცელდება პირველი ხმები იმის შესახებ, რომ არმიის ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა, თუმცა ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში რამის გადამოწმება უბრალოდ აბსურდულია. სეკურიტატეს აგენტები აგრძელებენ ქუჩაში დემონსტრანტების დახვრეტას.

20 დეკემბერს ტიმიშოარაში სამთავრობო კომისია ჩადის. ვიზიტის ოფიციალური მიზანი მომიტინგეებთან შეხვედრა და ვითარების განმუხტვაა, თუმცა, რეალურად, ჩაუშესკუ დროის მოგებას ცდილობს. საქმე ისაა, რომ ტიმიშოარაში პროტესტის ჩასახშობად დამატებითი საჯარო ნაწილები უნდა შევიდეს, ამისთვის კი, დროა საჭირო.

სწორედ ამ დროის მოგებას ცდილობდა რუმინეთის მთავრობა. 20 დეკემბერს ირანიდან ბუქარესტში ბრუნდება ნიკოლაე ჩაუშესკუ. ამ დღესვე წესდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობს ჩაუშესკუ უნგრელ ფაშისტებს და იმპერიალისტურ ძალებს აბრალებს.

21 დეკემბერს ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევს, სიტუაცია ჩაუშესკუს კონტროლს მიღმა რჩება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ყველა მსხვილ ქალაქში. ამ ფონზე ჩაუშესკუ ძალის დემონსტრაციის გადაწყვეტილებას იღებს. ტიმიშოარაში დახვრეტილი მიტინგების ფონზე, ბუქარესტში ჩაუშესკუს რეჟიმის მომხრეების მიტინგს ატარებს.

ბუქარესტის მთავარ მოედანზე, ჩაუშესკუს სასახლის მოპირდაპირე მხარეს, რუმინული არმია და სეკურიტატე მრავალათასიან ნაკადს მოყრის. "მთავრობის მხარდამჭერებს" სიტყვით ნიკოლაე ჩაუშესკუმ უნდა მიმართოს.

მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩაუშესკუს გვერდს მეუღლე უმშვენებს, ხოლო უკან ფონზე მისი დაცვის უფროსი ჩანს. საკუთარი კაბინეტის აივანზე გამოსული ჩაუშესკუ მგზნებარე სიტყვით მიმართავს "მომხრეებს."

თავდაპირველად ძალით შეკრებილი ხალხი დიქტატორის ყოველ სიტყვას ოვაციებით ხვდებოდა, ჩაუშესკუ კი, თავდაჯერებას ინარჩუნებდა. დიქტატორის გამოსვლა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

პირველი ბზარი ჩაუშესკუს ხმაში მას შემდეგ ჩნდება, რაც მის სიტყვებს ხალხის ოვაციები არ მოჰყვება. მომდევნო წუთები რუმინეთის ისტორიის გარდამტეხ წუთებად იქცა. ძალით მოყვანილი ხალხის მასიდან ვიღაცებმა ანტიკომინუსტური ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს. რამდენიმე წამში ხალხის ხმა ჩაუშესკუმდეც მიაღწევს, დიქტატორი ვითარებაზე კონტროლს კარგავს.

მოედანზე შეკრებილი ხალხი სასახლისკენ იწევს და გზად პოლიციელებს უმკვლავდება. პოლიცია უძლურია. "მათ შენობაში შემოაღწიეს, ჩვენ უნდა წავიდეთ", — ეუბნება დაცვის უფროსი ჩაუშესკუს. 

რამდენიმე წამში წყდება პირდაპირი ტრანსლაციაც.

დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 24 წლის განმავლობაში მართავდა, მოსახლეობას გაურბის. თავის სასახლეს ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად, ვერტმფრენით ტოვებს, შენობის თავზე გამოჩინილ ვერტმფრენს შეკრებილი ხალხის ოვაციები და ზეიმი მოყვება. 

ჩაუშესკუს გაქცევის მიუხედავად, უცნობი იყო, რას მოიმოქმედებდა არმია. ქალაქის მთავარ მოედანზე დემონსტრანტების დასაშინებლად გამოყვანილი არმია საბოლოოდ ხალხის მხარეს გადავა, დემონსტრანტები ჯარისკაცებს სიგარეტით, საკვებით და ცხელი სასმელით უმასპინძლდებიან. 

მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომ პირველები, ვინც ქალაქის მთავარ მოედანზე ჩაუშესკუს გადადგომა მოითხოვეს, სწორედ სამხედრო სასწავლებლის კურსანტები იყვნენ. 

არმიის გაუვნებელყოფის მიუხედავად, ჩაუშესკუს ერთგულებას ინარჩუნებს პოლიცია და სეკურიტატე. რუმინული ქალაქების ქუჩებში კვლავაც ქაოსი სუფევს. გრძელდება შეირაღებული დაპირისპირება სეკურიტატეს აგენტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ სეკურატატეს აგენტების მარტივად გამოცნობა შეუძლებელია, დიდი რაოდენობით კვდებიან უდანაშაულო ადამიანები. 

დაპირისპირებაში ალაგ-ალაგ სამხედროებიც ერთვებიან. ბუქარესტში და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი იღუპება. 

 

ბუქარესტიდან აფრენის შემდეგ, ჩაუშესკუ ცოლთან ერთად ქვეყნის დატოვებას ცდილობს, თუმცა სამხედროების გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ტიპის ფრენებისთვის რუმინეთის ცა უკვე დახურულია. ჩაუშესკუს ვერტმფრენს პილოტი ქალაქ ტარგოვიშტეს მახლობლად, მინდორზე დასვამს. 

ნიკოლაე და ელენა ჩაუშესკუ სამხედროებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გადასცა. მოგვიანებით, ტელევიიზიით ვრცელდება ჩაუშესკუს დაპატიმრების კადრები. დაკავებულები ტარგოვიშტეს სამხედრო ნაწილში იმყოფებიან.

ჩაუშესკუს სასამართლოს სამი სამხედროსგან შემდგარი კოლეგია ატარებს. ყოფილ დიქტატორს და მის მეუღლეს 60 ათასი ადამიანის სიკვდილის ორგანიზებაში დებენ ბრალს. ჩაუშესკუს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, დაკავების შემდეგ სამხედროები ჩაუშესკუს ინსულინს არ აძლევენ. 

სამხედროები შიშობენ, რომ ჩაუშესკუ შეიძლება დიაბეტურ კომაში ჩავარდეს, აქედან გამომდინარე, სასამართლო სულ 2 საათს გაგრძელდება. დიქტატორი ჯიუტად უარყოფდა ყველა ბრალდებას და არ პასუხობდა შეკითხვებს. სასამართლოზე ჩაუშესკუს და მის მეუღლეს დახვრეტა მიუსაჯეს - განაჩენი სამმა ჯარისკაცმა დაუყოვნებლივ აღასრულა. 

იმ დღესვე, დახვრეტის კადრები მთელმა რუმინეთმა იხილა. ასე დასრულდა ევროპის ყველაზე სისხლიანი რევოლუცია. 1989 წელს რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს ათასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებაში ყოფილ კომუნისტი ლიდერი იონ ილიესკუ აღმოჩნდა. რევოლუციის გარდა, მეზობლებისგან განსხვავებული იყო რუმინეთის გზა პოსტრევოლუციურ პერიოდშიც. პოლონეთის, უნგრეთის და სოცბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუმინეთში არ მიუღიათ ლუსტრაციის კანონი. დემოკრატიული რეფორმები კი, მნიშვნელოვანი დაგვიანებით განხორციელდა. 

კომენტარები