ცოტნე გამსახურდიას საქმე

ადვოკატი: მხოლოდ ბრალდებულების ვერსიაა, თითქოს კონფლიქტი ღვინის ხარისხის გამო დაიწყო

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, ვერსია, რომ კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო და დაპირისპირება "ღვინის ხარისხის" გამო დაიწყო, მხოლოდ ბრალდებულებს ეკუთვნით. ამის შესახებ გიგუაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ბრალდებულების მხრიდან თავდაცვის სტრატეგია.

"საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ეს ვერსია, რომ კონფლიქტი დაიწყო ღვინის ხარისხის გამო, არის მხოლოდ ბრალდებულების ვერსია. ანუ მათი ვერსია, ვინც ასეთი დაზიანებები მიაყენეს ცოტნე გამსახურდიას. მე არც მანამდე მქონდა ამ ვერსიის მიმართ რწმენა და მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცანი, ბუნებრივია, ამ ვერსიაზე ეს რწმენა აბსოლუტურად არ გამაჩნია - ისინი ცდილობენ ისეთი ვერსიის განვითარებას, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო ცოტნე გამსახურდია, მან მიაყენა შეურაცხყოფა, მისი საქციელი იყო ყველასთვის მიუღებელი, რის გამოც თითქოს ბრალდებულები საერთოდ აპირებდნენ სუფრიდან გარიდებას. ეს არის თავის დაცვის ტაქტიკა, ბრალდებულების ვერსია" - ამბობს გიგუაშვილი და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ არაფერი წერია ბრალდების მხარის ვერსიაში.

"ბრალდების დადგენილებაში არსად არ არის იმაზე საუბარი, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო ცოტნე გამსახურდია, არსად არ არის ღვინის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებაც კი. ბრალდების დადგენილებაში მხოლოდ ის წერია, რომ ცოტნე გამსახურდიას მოკვლა "სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო" განიზრახეს" - ამბობს ადვოკატი.

ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავა. ორ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა, სამს კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთი პირი კი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. ბრალდებულების თქმით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ ცოტნე გამსახურდიას ღვინო დაუწუნეს, რამაც გამსახურდია გაანაწყენა.

კომენტარები